logo_geo
გიორგი ვოლსკი: გუშინ პარლამენტში მომხდარი ნიშნავდა ლუსტრაციას, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის „ნაცმოძრაობის“ „მებრძოლი კოალიციის“ ინტერესში
- +

18 მაისი. 2023. 14:10

 

 

 

„გუშინ იყო აბსოლუტურად უტიფარი, ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადებები და შეტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩათვალა, ხმა მიეცა კანდიდატებისთვის და შესრულებულიყო ევროკომისიის პრინციპული რეკომენდაცია“, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიაჩნია, რომ იმ ადამიანებზე, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში მიიღეს მონაწილეობა, ისევე როგორც თავად კანდიდატებზე შეტევა დაუმსახურებელი და უსაფუძვლო იყო.

 

„ეს ყველაფერი ლუსტრაციას ნიშნავდა, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის „ნაცმოძრაობის“ „მებრძოლი კოალიციის“ ინტერესში. მათი მიზანია, რეკომენდაციები არ შესრულდეს და არ დაკომპლექტდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს იმდენად ნათელი გახდა, რომ არ ვიცი, გუშინდელი სკანდალიდან როგორ შეიძლება გამოვიდნენ. თქვეს, რომ იყო გარიგება, ფული გადაიხადეს, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ა.შ. სრულიად უნამუსო და უტიფარი განცხადებები გააკეთეს. არ შეიძლება, ასეთი გარიგება შემდგარიყო. ასეთი გარიგება არ ყოფილა, ეს არ არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც აღზევებული და დაკავებული იყო გარიგებებით და ხალხის დაშინებით, ინტრიგებით. მათ სხვა რესურსი არ ჰქონდათ. თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ასე უკეთესია, რომ რეკომენდაცია შესრულდეს, რატომ შეიძლება იმ იდეას უპირისპირდებოდეს, რაც აქვთ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. ტრისტან ბენაშვილმა, გიორგი გზობავამ და ზურაბ გურასპაშვილმა 90-ზე მეტი ხმა მიიღეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. კენჭისყრაში ხუთმა ოპოზიციონერმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 4 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. სამმა მათგანმა ფრაქცია დატოვა.

 

 

big_banner
არქივი