logo_geo
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა
- +

27 ივნისი. 2023. 00:09

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელა.

„კანონპროექტიევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა. კანონის მომზადების ვალდებულება განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. მასზე მუშაობა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ევროკავშირის და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას.

მისი თქმით, კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ჩაანაცვლებს მოქმედ კანონს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, რომელიც 2000 წელს მიიღეს.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები, განისაზღვრება დონორისა და მიმღების უფლებები.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, შეფასებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საქართველოში ტრანსპლანტაციის საჭიროება დაახლოებით ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე რაც კეთდება ოპერაციები და ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკა გაუმჯობესდეს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ყოველგვარი კომერციული გარიგება ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემის დროს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ამ სფეროს აწესრიგებს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართალი. გათვალისწინებულია სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნა.

„ამ კანონპროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა წესი გაწერილია ევროკავშირის, ევროსაბჭოს რეკომენდაციით, რათა ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირის რეკომენდაციებსა და კანონმდებლობასთან“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

big_banner
არქივი