logo_geo
ნათია თურნავა: ნაკისრი გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ დავიცვათ სანქციები, და ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ყოველთვის, როცა დავინახავთ აუცილებლობას, დავხვეწთ ამ მექანიზმს
- +

21 სექტემბერი. 2023. 00:03

"სანქციები არ არის ერთი და ორი დღის მოვლენა, ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. ნაკისრი გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ დავიცვათ სანქციები, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში არანაირი კითხვა არ გაჩნდეს, ყოველთვის, როცა დავინახავთ აუცილებლობას, დავხვეწთ ამ მექანიზმს," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

 

„როდესაც მივხვდით, რომ აუცილებელია არსებული მიდგომის გადახედვა, სწორედ იმიტომ რომ პირველი შემთხვევა დადგა და მისი გაანალიზების შესაძლებლობა მოგვეცა, რასაკვირველია, გავასაჯაროვეთ ცვლილებები, რომელიც მივიღეთ. ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქცია გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ ავტომატურად კი არ მოხდება სანქციის აღსრულება, არამედ მას შემდეგ, რაც დაცული იქნება ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის კონსტიტუციური ფუნდამენტური უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს არ დავარღვევთ და იქნება ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. რატომ ოთარ ფარცხალაძე? მარტივად, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა. მე ეს უკვე ვთქვი და გავიმეორებ - არ მაინტერესებს სახელი და გვარი. ჩვენ შეიძლება გვქონდეს საქმე ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ფარცხალაძე აღარც იქნება ამ რეგულაციის სუბიექტი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არაა კონკრეტული პიროვნების დაცვა, ეს თანაბრად შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. სანქციები არ არის ერთი და ორი დღის მოვლენა, ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. ნაკისრი გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ დავიცვათ სანქციები, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში არანაირი კითხვა არ გაჩნდეს, ყოველთვის, როცა დავინახავთ აუცილებლობას, დავხვეწთ ამ მექანიზმს და საქართველოს მოქალაქეები იქნებიან უფრო მეტად დაცულები, იმიტომ რომ მათ იცავთ კონსტიტუცია. ალბათ ეს უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფარცხალაძე მაინც დარჩება სანქცირებული, როგორც რუსეთის მოქალაქე. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე“, - აცხადებს თურნავა.

 

 

big_banner
არქივი