logo_geo
ნათია თურნავა: ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური უწყება, რომელმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მიუხედავად პოლიტიკური კონიუნქტურისა
- +

24 სექტემბერი. 2023. 11:32

 

 

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელსაც მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძესთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.

 

თურნავას განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკის სფეროს მიეკუთვნება და თავს იკავებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეფასებისგან.

 

„მე წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური უწყება, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მიუხედავად პოლიტიკური კონიუნქტურისა. აქედან გამომდინარე, ჩემი მანდატის გათვალისწინებით თავს ნამდვილად ვერ მივცემ უფლებას, რომ გავაკრიტიკო პრეზიდენტი, არა იმიტომ, რომ ჩემი შეხედულება არ მაქვს  ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, არამედ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს.

 

არცთუ ისე თანმიმდევრული მოვლენები, რაც ფარცხალაძესთან დაკავშირებით განვითარდა, ეს უკვე პოლიტიკის სფეროს მიეკუთვნება. ქვეყნის პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი, მოქმედებს თავისი პოლიტიკური მოსაზრებებით და მე არ მაქვს უფლება, შევიდე პოლიტიკური გადაწყვეტილებების და მოტივაციების გარჩევაში. ისევ და ისევ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის მიმართაც, რა თქმა უნდა, ასეთივე პატივისცემას ვითხოვთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

big_banner
არქივი