logo_geo
სოფელ ლიხნში აზიური ლეოპარდი დაიჭირეს
- +

17 ნოემბერი. 2017. 21:42


 

გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში ადგილობრივმა მცხოვრებმა ლეოპარდი დაიჭირა. მტაცებელი პირველად სოფელში ერთი კვირის წინ შენიშნეს. გამოცემა „სპუტნიკ-აფხაზიას" ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებმა, ვადიმ ხინთბამ ლეოპარდის დაჭერა თვითნაკეთი რკინის ხაფანგით შეძლო, სადაც სატყუარად ქათამი შეუშვა.


მოგვიანებით მტაცებელი ვადიმ ხინთბას სახლიდან სპეციალისტებმა საძილე პრეპარატის გამოყენებით წაიყვანეს. სააგენტო „აფხაზია ინფორმის" ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მტაცებელი შესაძლოა სოჭის აზიური ლეოპარდის გამოყვანისა და პოპულაციის ცენტრის ბინადარი იყო, რომელიც ბუნებაში 2016 წელს გაუშვეს.


„ჩვენ ჯერ გვიჭირს ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ გამოვიდა ცხოველი დასახლებულ პუნქტში და დაიწყო ნადირობა შინაურ ცხოველებზე. თუ დადასტურდება, რომ მტაცებელი სოჭის თავშესაფრიდან არის, მაშინ მას აქვს შანსი დაუბრუნდეს ბუნებას", - აცხადებს გამოცემასთან საუბარში სოჭის ცენტრის თანამშრომელი.


სარეაბილიტაციო კურსის და სპეციალური ტესტირების გავლის შემდეგ, სატელიტური საყელოთი აღჭურვილი ლეოპარდის გაშვება კავკასიის ნაკრძალში იგეგმება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი