logo_geo
ზესტაფონმა ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის და გიორგი ნიკოლაძის იუბილესადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებას უმასპინძლა
- +

30 ოქტომბერი. 2018. 12:58

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის და გიორგი ნიკოლაძის იუბილესადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე თბილისიდან მიწვეულმა მუსიკოსებმა: დათო არჩვაძემ, ბექა ოდიშარიამ კვარტეტთან ერთად, ადგილობრივი მუსიკოსებიდან კი - სალომე იმედაძემ, ანა კალანდაძემ, ბექა ჭუმბურიძემ, ანსამბლებმა „ზესტაფონმა“ და „ბერმუხამ“.

 

ღონისძიების ფარგლებში სამი სხვადასხვა შინაარსის ფოტოგამოფენა გაიხსნა, მათ შორის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში დაცული უნიკალური ფოტოები გამოიფინა, რომელიც ქართველი პუბლიცისტის ვაჟის, გიორგი ნიკოლაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. 

 

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გიორგი ნიკოლაძის სკვერის რეაბილიტაციის პროექტს გაცნობოდნენ. სკვერის გასაახლებლად „ჯორჯიან მანგანეზმა” რამდენიმე კვირის წინ კონკურსი გამოაცხადა, სადაც კომპანია „გილსმა“ გაიმარჯვა. შემოქმედებითმა ჯგუფმა სკვერის კონცეფცია შეიმუშავა.

 

სარეკრეაციო სივრცის პროექტირებისას, ტერიტორიაზე შენარჩუნდა მონუმენტალური კომპლექსისგან დარჩენილი დეტალები: გიორგი ნიკოლაძის გორელიეფური გამოსახულება და მადნის სადნობი ციცხვი, რომელთაც „ახალ სიცოცხლეს” მიანიჭებენ. შედეგად, ზესტაფონელებს მომავალ წელს განახლებული სკვერი ექნებათ.

 

რაც შეეხება სადღესასწაულო ღონისძიებას,  ზესტაფონის მერიასთან არსებულ კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა.

 

ღონისძიებაზე ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის საწარმოს დამსახურებული თანამშრომლები დასაჩუქრდნენ.

 

„ვულოცავ ზესტაფონს და მთელ საქართველოს ამ დღეს - 85 წლის წინ ჩამოისხა პირველი ქართული ლითონი. ამ ტრადიციას ყოველწლიურად აღვნიშნავთ და მნიშვნელოვანია ზესტაფონისთვის“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა.

 

„დღეს ჩვენი ქარხნის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენი 85 წლის იუბილე აღვნიშნეთ. რადგან ემთხვეოდა, ჩვენ გავაერთიანეთ და ერთად აღვნიშნეთ ქარხნის დაბადების დღე და ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის, პროფესორ გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 130 წლისთავი.

 

დღევანდელი ღონისძიება - გიორგი ნიკოლაძის მემორიალის გვირგვინებით შემკობა და კულტურის სახლში გამოსვლები, მოსალოცები, შემდგომ კონცერტი იყო კულმინაცია იმ ღონისძიებებისა, რომელსაც ქარხნის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა, ვემზადებოდით, რომ აღგვენიშნა ჩვენი 85 წლის და გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 130 წლისთავი.

 

უნდა ითქვას, რომ ქარხანა ამ თარიღს ხელცარიელი არ შეხვედრია -10 თვის განმავლობაში ნაწარმოები გვაქვს 192 ათასი ტონა ფეროშენადნი, საინვესტიციო პროგრამები, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ფაქტობრივად, მათი გეგმური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი დოლარია. ასევე - აღვნიშნავ  იმ უზარმაზარ ქველმოქმედებას, რომელსაც „ჯორჯიან  მანგანეზი“ ეწევა ზესტაფონისა და, საერთოდ, საქართველოს მასშტაბით.

 

ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს იმის შთაგონებას, რომ ჩვენ მომავალი გვაქვს, ჩვენს წარმოებას მომავალი აქვს, და ის, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა  ქართულ მრეწველობაში რჩება ფლაგმანად, ისევ ძალაშია. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა ფეროელს, „ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა თანამშრომელს, ყველა ზესტაფონელს და ყველა ქართველს“, - აღნიშნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

 

„დღევანდელი დღე როგორც ფეროელებისთვის, ასევე ზესტაფონელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  მინდა მივულოცო დღევანდელი დღე „ჯორჯიან მანგანეზს“, მის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს, და, საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ეს ქარხანა არის ფეროს ქარხანა, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და მინდა მას წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წარმატებებში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ.

 

 

 

 

  

 

 

big_banner
არქივი