logo_geo
ეკოლოგი: მეოთხე ზამთარია თოვლი არ მოსულა, მცენარეული საფარი საფრთხეშია
- +

11 იანვარი. 2020. 20:09

 

 

ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი პლანეტაზე მასშტაბური ხანძრების ეკოსისტემაზე უარყოფით გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტრადიციული ეკოსისტემის ცვლილება მომავალში, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ადამიანის მეურნეობასა და ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე.

"​მეოთხე ზამთარია, საქართველოში არათუ თოვლი, ნალექი არ მოდის. უნალექო ზამთრებს მოჰყვება მიწისქვეშა გრუნტის წყლების რაოდენობის შემცირება, მცენარეული საფარის დაავადება. თბილი ზამთარი მცენარეული საფარისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანია, რაც მთელს ეკოსისტემაზე ახდენს გავლენას. ამ დროს ნალექი არასწორად ნაწილდება, თითო გრადუსის მატებაც კი იწვევს ტყეების ზოლის ზღვის დონიდან 60-80 მეტრამდე აწევას, რასაც ათწლეულები სჭირდება, თუმცა გარდაუვალი პროცესია. შემდეგ მატულობს აორთქლება, რაც იწვევს გაზაფხულზე ღვარცოფული წვიმების მატებას. კლიმატის ცვლილება არ იზომება მხოლოდ ტემპერატურის ცვლილებით, ეს გაცილებით კომპლექსური საკითხია, რომელიც განსხვავებულ ყურადღებას საჭიროებს", - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.

მისი მოსაზრებით, პრევენცია ჯერჯერობით შესაძლებელია და ის უნდა გამოიხატოს გამონაბოლქვი აირების შემცირებაში, ხელოვნური ხანძრების გაჩენის პრევენციაში, ნერგების დარგვაში და ა.შ.  


"ჩვენ, არსებული რესურსებით, უნდა შევეცადოთ პრევენციული ზომების მიღებას, მაგალითად, ბორჯომის ხეობის სოფელ დაბაში, სადაც ხანძარი მძვინვარებდა, აღსადგენია რამდენიმე ასეული ჰექტარი ტყე, რისი დაპირებაც გაიცა, თუმცა დღემდე შეუსრულებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ განვითარდება ეროზია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ რეალობას. ამიტომ, საჭიროა, როგორც აღდგენითი მოქმედებები, ისე დაზიანებული ზონების განაშენიანება, რითიც ჩვენს წვლილს შევიტანთ გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში“, – აღნიშნავს ბიძინა გიორგობიანი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი