logo_geo
ლევან დავითაშვილი: ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ევროპაში
- +

6 ნოემბერი. 2023. 21:02

"აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან განვიხილეთ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან, საუბარი გვქონდა საქართველოს შესახებ ევროკომისიის უახლოეს დღეებში მოსამზადებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, ჩვენი, ყველას მოლოდინით უნდა იყოს დადებითი და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპული პერსპექტივის მოპოვების შემდეგაც. მინისტრის თქმით, საქართველომ 100-ზე მეტი მარეგულირებელი აქტი მიიღო ბოლო წლის განმავლობაში, რითაც ფაქტობრივად, უპასუხა ევროკავშირის ყველა მოთხოვნას.

 

 

„რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მისივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები, საუბარი შეეხო ასევე გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში არსებობს.

 

 

„ჩვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ეკონომიკური განვითარების კუთხით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო საკმაოდ დამაჯერებლად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მაგალითის მიმცემია სხვა ქვეყნებისთვის. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც, განსაკუთრებით ხაზი გაესვა დაკავშირებადობის საკითხებს - ეს იყო ზუსტად საქართველოს ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ევროკავშირისთვისაც ისეთივე სასარგებლო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა კავშირების გამყარებასა და გაუმჯობესებას როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ისე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების კუთხით, რასაც შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. მათ შორის, განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობისა და ევროკავშირთან ციფრული დაკავშირების საკითხები.

 

 

ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი ეკონომიკისთვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვისაც“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი