logo_geo
„გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი: იმედია, ევროთასებამდე უფრო გავძლიერდებით
- +

7 დეკემბერი. 2020. 14:28

 

 

„გაგრამ“ ისტორიაში მეორედ მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის თასი და საქართველოს ევროსარბიელზე წარმოადგენს. აღსანიშნავია, გუნდმა თასი ისე აღმართა, რომ ძირითად დროში არც ერთ გუნდთან გოლი არ გაუშვია. გუნდმა ტიტულისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა ლანჩხუთის „გურია“, ფოთის „კოლხეთი“, ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“, „საბურთალო“ და წყალტუბოს „სამგურალი“.

 

გუნდის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ კონფერენც ლიგაზე გასვლამდე საქართველოს თასის მფლობელი გაძლიერდება.

 

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კარგი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ ქვეყანა ღირსეულად რომ წარმოვაჩინოთ, იმედია, კიდევ უფრო გავძლიერდებით. ასეთია საფეხბურთო ცხოვრება – რაც უფრო მაღალია მოთხოვნები, გუნდი კიდევ უფრო უნდა დაკომპლექტდეს. მაგრამ ჩვენ განვლილი წლებიდან დასკვნები გამოვიტანეთ და ახლა უკეთ ვიცით, რა რგოლში უნდა გავძლიერდეთ და ლეგიონერი გვჭირდება თუ არა“, – ამბობს გოდერძი ჩიხრაძე.

 

მისი თქმით, გუნდი ფინალამდე კორონავირუსის შემოტევამ საგრძნობლად დაასუსტა:

 

„სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა. ხალხი მირეკავდა, მილოცავდა, მაგრამ ნორმალურად არც მესმოდა, რას მელაპარაკებოდნენ. ეს დიდი სიხარულია. ეს ჩვენი ბიჭებისა და მწვრთნელის დამსახურებაა, რომლებმაც მატჩამდე ძალიან ბევრი პრობლემა გადაიტანეს. ფინალი ჯერ 25 ნოემბერს დაინიშნა და მანამდე ორიოდე დღით ადრე ჩვენი 24 მოთამაშიდან 18-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერე მეც შემეყარა და ფინალს ტელევიზორით ვუყურებდი. თითქმის 15 დღე მოთამაშეები იზოლირებულები, ჩაკეტილ სივრცეში იყვნენ და ვერ ვარჯიშობდნენ, ამის შემდეგ კი თასის ფინალი ითამაშეს და მოიგეს“, – ამბობს გოდერძი ჩიხრაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი