logo_geo
როგორ გაქრა გურჯიევის დღიურები, რომელშიც ის სტალინზე წერდა
- +

5 დეკემბერი. 2016. 15:55



ჟურნალი „თბილისელები" სტალინის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სტალინის მოწაფეობაზეა საუბარი. ის გურჯიევის პირველი მოწაფე გახლდათ. ტიბეტიდან დაბრუნებული გურჯიევი მოსწავლეებს აგროვებდა, რომ ტიბეტის ლამებთან მიღებული ცოდნის რეალიზება მოეხდინა.


გურჯიევმა პირველი სწორედ სტალინი აირჩია და ოციოდწუთიანი საუბრის შემდეგ, იოსებ ჯუღაშვილი დაითანხმა, რომ მასთან ევლო და საკუთარი ზებუნებრივი ნიჭის განვითარება განეხორციელებინა.


მოგვიანებით, უკვე პარიზში მცხოვრები გურჯიევი თავის მოსწავლეებს ეუბნებოდა: „ტიფლისის ქუჩაში მომავალ ახალგაზრდას უმალვე შევატყვე, რომ მსოფლიოს მომავალი მმართველი იყო და მისი ამ მისიისთვის მომზადებას მოვკიდე ხელი..."


გურჯიევს, სტალინის სულიერ-ფილოსოფიურ განვითარებაში რა როლი მიუძღვის, ალბათ, მხოლოდ ღმერთმა და მათ ორმა იცოდნენ. დაწვრილებით სტალინზე გურჯიევი არასდროს ლაპარაკობდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გურჯიევი დღიურს აწარმოებდა და ალბათ, სწორედ ის ჩანაწერები შეიცავდა ინფორმაციას ადრეულ სტალინზე.


1949 წლის 30 ოქტომბერს, იმის მეორე დღეს, როცა საავტომობილო კატასტროფაში 83 წლის გურჯიევი დაიღუპა, მასწავლებლის სახლიდან სწორედ ის დღიურები გაქრა.


არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი, რომ დღიურების მოპარვა სტალინის ბრძანება იყო და გურჯიევის დღიურებმა ბელადის სეიფში დაიდო ბინა.


დადასტურებული ფაქტია, რომ სტალინს უდიდესი შინაგანი ენერგია, უაღრესად განვითარებული გონება და ჰიპნოზის უნარი ჰქონდა. მას შეეძლო, ადამიანები და საგნები ისე აემოძრავებინა, როგორც სჭირდებოდა.


ვაშინგტონელი პროფესორი გუსტავ მორისი, გიორგი გურჯიევის მკვლევარი, გასული საუკუნის 60-იან წლებში წერდა: „გურჯიევს ორი გამორჩეული მოსწავლე ჰყავდა - სტალინი და ჰიტლერი (ცნობილი ფაქტია, რომ ადოლფ ჰიტლერიც გურჯიევთან მეცადინეობდა), რომლებმაც სულიერი განსწავლულობის ძალიან მაღალ დონეს მიაღწიეს. მათი გზები გაიყო და სტალინი „თეთრი მაგი" გახდა, ჰიტლერი კი - „შავი მაგი" და თეთრმა შავი დაამარცხა..."


სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გურჯიევისეული პერიოდი დღესაც ღრმად გასაიდუმლოებულია და თუ ოდესმე ეს არქივები გახსნეს, ალბათ, მრავალ საინტერესო ფაქტს გავიგებთ. 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი