logo_geo
მაია ორჯონიკიძე: მიშამ ბოკერია „გადამალა“...
- +

30 დეკემბერი. 2016. 02:55




ალბათ ყველას გვახსოვს - სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული ხალხში რა არაპოპულარული სახე იყო გიგა ბოკერია. იმდენად არაპოპულარული, რომ როგორც ვიცი - ამერიკელებსაც კი ურჩევიათ სააკაშვილისთვის - ეკრანებზე მაინც და მაინც ნუ გამოაჩენო. კარგად მახსოვს ის დრო, მრავალრიცხოვანი ტაქსისტებიდან დაწყებული - მაღაზიის გამყიდველებისა და უფრო „ინტელიგენტური" პროფესიების ხალხით დამთავრებული - როგორი ერთსულოვნებით ვერ იტანდა ქართული სოციუმი გიგა ბოკერიას. მაშინ მე მას მუდმივად და გამეტებით ვიცავდი და მიკვირდა - რატომ სძულთ ეს კაცი ხალხში ასე განსაკუთრებულად? უდავოდ ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტულად განწყობილი კაცია - რა უნდათ, რას ერჩიან-მეთქი, იმხანად ჩემი თავისთვის არაერთხელ დამისვამს ეს კითხვა და პასუხსაც ვეძებდი. ბოლოს ყველაფერი ადამიანურ შურს მივაწერე, მითუფრო - საქართველოში ეს იშვიათი ხილი არაა და ყველგან - სადაც კი გიგა ბოკერიაზე რაიმე გადაბრუნებულად ითქმებოდა - მის ლამის მკერდით დაცვას ვაგრძელებდი.


მახსოვს, არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის - ქალბატონო, რომ იცოდეთ - ხალხში მიშაზე აგრესია არაა, მის გარემოცვაზეა ხალხი გაავებული, ეგ გარემოცვა უნდა ჩამოიშოროსო. ჩავეკითხებოდი ხოლმე - კონკრეტულად ვის გულისხმობთ - მეთქი და მოკლე ჩამონათვალის თავში წლების განმავლობაში უცვლელად ისევ და ისევ გიგა ბოკერია სახელდებოდა. მერე მიშამ „გადამალა", ანუ გიგა ეკრანებზე აღარ ჩანდა - ამაში გამოიხატებოდა მისი გადამალვა, თორემ მიშას ბოკერია არ გაუწირავს - აქაოდა არაპოპულარული სახე ხარ და თავიდან გიშორებო. ისევ იმავე მაღალ თანამდებობებზე ჰყავდა, არსად არ გაუშვია, არც ერთი წუთით არ გაუწირავს ყმაწვილობის მეგობარი და თანამებრძოლი, ადრინდელივით ენდობოდა და გვერდში ჰყავდა.


და ამ უახლესი წარსულის გადასახედიდან რა მძაფრი და ტრაგიკული ირონიაა იმაში, რომ სწორედ გიგა ბოკერია აღმოჩნდა ის კაცი, ვინც სათავეში ჩაუდგა იმ ადამიანებს, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტდევნილობით ისარგებლეს და არჩევნების წაგებაც კი არა საკუთარ სისუსტესა და უნიათობას, არამედ მიხეილ სააკაშვილის „ჭარბ აქტიურობას" დააბრალეს. პოლიტიკოსი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იმდენად არაპოპულარული იყო მოსახლეობაში, რომ მისი „გადამალვა" იყო საჭირო - დღეს სააკაშვილს უკიჟინებს - არაპოპულარული ხარ და შენი ადგილი იცოდეო! აკი, როგორც პირადად მისმა მეუღლემ მითხრა - ივლისში, ოდესაში ჩასულს - მიხეილ სააკაშვილისთვის პირობებიც წამოუყენებია, რომელთა დედააზრი ის იყო, რომ სააკაშვილი „არ უნდა გამოჩენილიყო" და სავარაუდო პრემიერ-მინისტრობაზეც არ უნდა ჰქონოდა პრეტენზია, იმ შემთხვევაშიც კი - თუკი საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობა გაიმარჯვებდა!


ჰოდა საოცრება სწორედ ისაა, რომ სააკაშვილს ზუსტად ის ადამიანი უყენებდა ფაქტობრივ ულტიმატუმებს, მიჯნავდა და რიყავდა საკუთარი წვალებითა და შრომით შექმნილი პარტიიდან - ვინც თავის დროზე ამავე მიზეზით (არაპოპულარობის) მიშამ გასარიყად არ გაიმეტა! და განა მხოლოდ პარტიიდან გასარიყად გაიმეტა სააკაშვილი ბოკერიამ?


გაიმეტა არამხოლოდ უსამართლო ბრალდებისთვის - „არჩევნებში მიშას გამო წავაგეთ!", გაიმეტა უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური რეიტინგის დაზარალებისთვის, იქაური მტრების გულის გასახარად - „სააკაშვილი საკუთარ პარტიასაც აღარ უნდა და უკრაინაში ვის დაკარგვიაო!", გაიმეტა ოლიგარქის მასხრად ასაგდებად - „სააკაშვილი თავისივე პარტიაშიც აღარავის სჭირდებაო!", გაიმეტა მიშას შექმნილი პარტიაც - ესაა თქვენი მითიური ერთობა, ხომ გაგყავით და დაგშალეთო!


ამ უსუფთაო თამაშში ყველაზე მიუღებელი კი ისაა, რომ ბოკერიას თამადობით ნაცმოს გამიჯნულთა დღევანდელი შეუნიღბავი ნარატივი ასეთია-ყველაფერი ცუდი, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში მომხდარა - სააკაშვილთან კორელირდებოდეს, ყველაფერი კარგი კი - მხოლოდ მათთან. ანუ ამ ხალხს უფლებები და დივიდენდები უნდა და პასუხისმგებლობა კი სააკაშვილს შეახოცეს, მაშინ როდესაც მიშას მმართველობის დროს მისი გარემოცვის ცალკეული წევრების მიერ შექმნილ ნეგატივს მიშა პერსონალურად არასოდეს გამიჯვნია და პასუხისმგებლობა ყველას მაგივრად საკუთარ თავზე აუღია.


ვაცლავ ჰაველს ეკუთვნის ფრაზა, რომ პოლიტიკა კი არ არის ბინძური, ადამიანები ხდიან მას ბინძურად და რომ სინამდვილეში არსად ისე საჭირო არაა ზნეობრივი ადამიანები - როგორც პოლიტიკაში.


მაია ორჯონიკიძე


 

წყარო: http://www.tzona.org/

big_banner
არქივი