logo_geo
ზაზა ხუციშვილი: როცა აცნობიერებენ, რომ დეპუტატი სცენაზე „როკენროლს“ უკრავს, დადებითი ემოციები მოდის...
- +

3 იანვარი. 2017. 18:40


 

 

 

 

„ყველაზე მეტად რასაც ვამჩნევ, დროის უქონლობაა. აღარ მაქვს ბევრი დრო ოჯახისთვის. ამას გარდა, როგორც გითხარით, ახლა უფრო მეტი კრიტიკაა, ვიდრე, როგორც მუსიკოსს რომ მქონდა", - „ქართული ოცნების" წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში მის პარლამენტში შესვლაზე საუბრობს.


„გამონათქვამებთან დაკავშირებული ისტორიის მერე ბევრმა მითხრა, რაც შენი საქმე არაა, იმაზე რატომ საუბრობო. მაგრამ მე ვარ კეთილგანწყობილი ადამიანი და როცა ჟურნალისტი მირეკავს, ვერ ვეტყვი, იცით, მე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ვარ, ლარი ჩემი სასაუბრო თემა არაა-მეთქი. პარლამენტის წევრი როცა ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა ეკონომიკური პროფილის განათლების მქონე, ეკონომიკურ პროცესებზე აუცილებლად გაქვს შენ წარმოდგენა და შეფასება", - საუბრობს ხუციშვილი.

 

რესპონდენტის თქმით, საზოგადოებამ ყველაზე უკეთ შოუ-ბიზნესიდან და ჯგუფ „ვაკის პარკიდან" გაიცნო. განათლებით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსს, 90-იან წლებში პატარა ბიზნესიც ჰქონდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ამ სფეროსთვის საჭირო უნარ-ჩვევები არ აღმოაჩნდა. მოგვიანებით კი ბედი ჟურნალისტიკაში სცადა.


„შოუ-ბიზნესი და ჩემი მუსიკალური ჯგუფი „ვაკის პარკი" იყო ის, რითიც ყველაზე უკეთ გამიცნო საზოგადოებამ. ჩვენი ჯგუფი 20 წლისაა, ამ ზაფხულს საიუბილეო კონცერტებიც გვქონდა. ჩვენი სიმღერების ტექსტებში სულ იყო სოცილაური თემატიკა, პროტესტი. მუსიკის პარალელურად მიდიოდა ჩემი ცხოვრება, რომელიც არ იყო დაკავშირებული მუსიკასთან. განათლებით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ვარ. ორი წელი ჩემი პროფესიითაც ვიმუშავე საპროექტო ინსტიტუტში. 90-იან წლებში ჩემი პატარა ბიზნესიც მქონდა. მანქანის ნაწილების მაღაზია, გაქირავებული ფართი, მაგრამ ვერ დავიტრაბახებ, რომ ბიზნესისთვის საჭირო უნარ-ჩვევები აღმომაჩნდა. უფრო მეტიც, ზარალიც კი მქონდა და ყველაფერს თავი დავანებე. ვერ შევძელი, როცა ვიღაცას ჩემთან ჰქონდა ვალდებულება და არ ჰქონდა საშუალება, ცუდად მოვქცეოდი. მე რბილი ხასიათი მაქვს, ბიზნესს სხვა ხასიათი სჭირდება.

 

მოგვიანებით, ჟურნალისტიკაში ვცადე ბედი. ვიყავი როგორც რადიო „უცნობის", „მაესტროს" წამყვანი, სხვადასხვა მუსიკალური პროექტის დირექტორი. შემდეგ საზოგადოებრივ რადიოში, „პიკის საათში" ვიმუშავე. ჩვენთან მუსიკოსები არ არიან ისე დაკავებულები, როგორც სხვა ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ საქმე, რომლის გაკეთებაც ახლა მომიწევს, ბევრად უფრო სასარგებლო იქნება და ეს შემიძლია გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. მაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ ვიქნები კარგი პარლამენტარი", - აღნიშნა ინტერვიუში უმრავლესობის წევრმა.


პოლიტიკოსობის მიუხედავად, მუსიკას ბოლომდე ვერ შეელია და როცა დრო აქვს, ერთ-ერთ კაფეშიც უკრავს.  

 

„დრო როცა მაქვს, ვუკრავ ჰარდროკ კაფეში, „ნალში". მსმენელს ძალიან მოსწონს, როცა ჩვეულ ამპლუაში მხედავს. თავიდან გაოცებული მიყურებენ. მერე, როცა აცნობიერებენ, რომ დეპუტატი სცენაზე „როკენროლს" უკრავს, მათგან დადებითი ემოციები მოდის", - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი