logo_geo
დერმატოლოგი მაია დათუაშვილი: გვახსოვდეს, რომ მსუბუქი რუჯის დროსაც კი ხდება კანის უჯრედის დაზიანება!
- +

29 ოქტომბერი. 2023. 14:30

 

 

დერმატოლოგი მაია დათუაშვილი გარუჯვაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ ჭარბი ინსოლაცია დაბერების დაჩქარების ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი მიზეზია. დერმატოლოგი აღნიშნავს, რომ ორგანიზმისთვის D ვიტამინის მიღებაც აუცილებელია, ამიტომ გამოსავალი ზომიერების დაცვა და მზის აბაზანების მხოლოდ მცირე დროით მიღებაა.

 

„უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერების დაცვა ყველაფერში აუცილებელია და არ არის საჭირო, მთელი წლის განმავლობაში გარუჯულებმა ვიაროთ. რუჯი, ანუ ჭარბი ინსოლაცია, დაბერების დაჩქარების ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი მიზეზია და ულტრაიისფერი სხივები, რამდენადაც კანს მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს, იმდენად ვნებს კიდეც მას. ჩვენ დაბერების ბიოლოგიურ საათს ვერანაირად ვერ შევცვლით, მაგრამ გარე ფაქტორებით შეგვიძლია მისი შენელება ან დაჩქარება. დაჩქარების 80%-ზე მეტი კი, სწორედ ულტრაიისფერი სხივების და მისი უკონტროლო გამოყენების შედეგია. რათა თავიდან ავირიდოთ კანის დაბერების პროცესის დაჩქარება, აუცილებელია შევცვალოთ გარუჯვის 12-თვიანი რეჟიმი და მზის აბაზანები მსუბუქად, ზაფხულის მხოლოდ გარკვეულ პერიოდში მივიღოთ. მერწმუნეთ, ეს უფრო ლამაზიცაა, საინტერესოც, მრავალფეროვანიც და რაც მთავარია, ჯანსაღიც. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი რუჯის დროსაც კი ხდება უჯრედის დაზიანება, მისი მკურნალობა და გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ როცა ადამიანი, მიზანმიმართულად, რამდენიმე საათის მანძილზე ეფიცხება მზეს, შედეგი ძალიან მძიმე დგება ხოლმე. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ გარკვეული ასაკის მერე, ადამიანს ზედმეტი რუჯი ისედაც ნაკლებად უხდება ხოლმე, რადგან უჭირს თანაბარი ფერის მიღება, უჩნდება გარკვეული ყავისფერი ლაქები, ჭრელდება და მეტად უშრება ხოლმე კანი. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ზომიერების დაცვა, სიფრთხილის გამოჩენა და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. იმისთვის, რომ შვებულებიდან დაბრუნების მერე, სახის კანს უფრო დაღლილი და გამოფიტული იერი არ ჰქონდეს, ვიდრე შვებულებაში წასვლამდე გვქონდა, აუცილებელია, დასვენების მთელი პერიოდი მზისგულზე არ გავატაროთ! თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია და სრულად მისი აკრძალვაც არაა მიზანშეწონილი“, - აცხადებს მაია დათუაშვილი „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=217553

 

 

big_banner
არქივი