logo_geo
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ თავიდან აცილებაა
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:34

 

„NATO-ს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NATO-ს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არის გზავნილი, რაც მოხდა ყირიმში, ვერ განხორციელდება NATO-ს მოკავშირის წინააღმდეგ.

 

„ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ ჩვენს არმიაში და ჩვენს თავდაცვისუნარიანობაში, თუმცა ეს არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და ამას ვაკეთებთ თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისთვის. ამის მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირებაა, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა. ვიდრე ეჭვგარეშეა ის, რომ ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს, ჩვენ კონფლიქტს თავიდან ვიცილებთ. სწორედ ეს არის NATO-ს არსებობის მიზანი – მშვიდობის შენარჩუნება და სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება და ამას წარმატებულად ვაკეთებდით 70 წლის განმავლობაში. მართალია, რომ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია ჩვენი, NATO-ს სამხედრო ადაპტაცია და პასუხი, რაც გამოიხატება ჩვენი ძალების საბრძოლო მზადყოფნით, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი ჯარების განთავსებით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო მესიჯი, რომ რაც მოხდა ყირიმში, ვერ განხორციელდება NATO-ს მოკავშირის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ამასთან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO მიისწრაფის რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ.

 

NATO-ს გენერალურის მდივანმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინისთვის ხომალდების დაბრუნებაზე. მისი თქმით, ალიანსი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო.

 

„ვფიქრობ, ეს კარგია, რადგან ეს ხელს უწყობს პროგრესს მინსკის შეთანხმებების შესრულებაში და ასევე, ხელს უწყობს „ნორმანდიულ ფორმატს“, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტილების ძიებისკენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

იენს სტოლტენებრგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი