top_leaderboard

Bloomberg: სტარმერი და მაკრონი უკრაინისთვის „მსურველთა კოალიციის“ შექმნის საკითხს 37 ქვეყანასთან განიხილავენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 37 ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს აწარმოებენ უკრაინისთვის „მსურველთა კოალიციის“ შესაქმნელად, იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა მიიღწევა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ის სტატიაშია ნათქვამია.

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობენ, გააძლიერონ უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებებში იმის ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ომის დარეგულირებას ცდილობს. ევროპის მხოლოდ ორი ბირთვული ძალა ცდილობს, შეიმუშაოს გეგმა, რომელიც კიევის უსაფრთხოების გარანტიას ხელს შეუწყობს.

სააგენტოს ცნობით, „მსურველთა კოალიციაში“, რომლის გაერთიანებაზეც ლონდონი და პარიზი მუშაობენ, შესაძლოა, შევიდნენ ევროპის, ერთა თანამეგობრობისა და აზიის ქვეყნები. გეგმის თანახმად, ისინი ფინანსურ დახმარებას, ჯარებს, თვითმფრინავებს, ან საზღვაო ხომალდებს გამოყოფენ, რათა უკრაინას რუსეთის ხელახალი აგრესიისგან დაცვაში დაეხმარონ.

11 მარტს პარიზში გამართულ ცალკეულ შეხვედრაზე ნატოს არაწევრი ქვეყნები, მათ შორის ავსტრალია, იაპონია და ახალი ზელანდია, შეუერთდნენ მოლაპარაკებებს ათობით ევროპული ქვეყნის სამხედრო ლიდერებთან, ასევე, კანადასთან,  – აცხადებენ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმირებული წყაროები.

მათი თქმით, თითოეულ ქვეყანას კითხვა დაუსვეს, კოალიციისთვის კონკრეტულად რისი მიწოდებისთვის არიან მზად. მათ, ვინც უკრაინაში ჯარების გაგზავნას გამორიცხავენ, ჰკითხეს, ეთანხმებიან თუ არა სახმელეთო ძალების განლაგებას მეზობელ ევროპულ ქვეყნებში და რა სხვა წვლილი შეიძლება გაიღონ, მათ შორის ნაღმსატყორცნების, გემების, თვითმფრინავების, ტანკების გაგზავნისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდების უზრუნველყოფის მხრივ.

სამხედრო ლიდერები სტარმერსა და მაკრონს უკრაინის სამშვიდობო ძალების უფრო დეტალურ ვარიანტებს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. წყაროების თქმით, ეს საკითხი სხვა ლიდერებთან სატელეფონო ზარის მეშვეობით მომავალ შაბათ-კვირას განიხილება.

ამის შემდეგ წინადადება წარედგინება ტრამპს და იმედოვნებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დაარწმუნებენ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ჩაერთოს საჰაერო ძალების, დაზვერვისა და საზღვრის მეთვალყურეობის სახით, სამშვიდობო ძალებში ამერიკელი ჯარების ჩართვის გარეშე, – აცხადებენ წყაროები.

დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ასევე არ სურთ, რომ აშშ დაემორჩილოს პუტინის მოთხოვნებს უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ და აიძულოს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩაატაროს არჩევნები, სანამ მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება არ შედგება. 12 მარტს სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება ასევე უნდა იყოს შეთანხმების ნაწილი.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აშშ-უკრაინის შეთანხმებამ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სამშვიდობო ძალების შექმნის გეგმებმა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერა, რათა მას დათმობისკენ უბიძგონ.

თუმცა, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას ხელახლა შეიარაღებისა და უკრაინაზე შემდგომი შეტევების განსახორციელებლად გამოიყენებს.

ცნობისთვის, 12 მარტს ევროპის ხუთი წამყვანი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, უკრაინის მხარდაჭერის კოორდინაციის მიზნით, პარიზში მოლაპარაკებები გამართეს. ქვეყნების თავდაცვის მინისტრები კვლავ შეხვდებიან მომავალ კვირას, რათა გააგრძელონ „სამხედრო დაგეგმვის“ განხილვა, თუკი უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა.

ასევე იხილეთ