ზახაროვა: რუსეთის კონტაქტები აშშ-სთან შესაძლებელია 13 მარტს შედგეს
რუსეთი მზადაა, ჯიდაში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები ამერიკულ მხარესთან განიხილოს. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონტაქტები შესაძლებელია, დღეს, 13 მარტს, შედგეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვას თქმით, რუსეთს არ მიუღია რაიმე ოფიციალური მიმართვა საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვაკვირდებოდით აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრას, რომელიც ჯიდაში 11 მარტს შედგა. ჩვენ წავიკითხეთ შეხვედრის შედეგად მიღებული განცხადება, რომელიც სხვადასხვა იდეას შეიცავს. ამ დროისთვის ჩვენ ამ საკითხზე ოფიციალური მიმართვა არ მიგვიღია“, – განაცხადა ზახაროვამ.
„ჩვენი მხრივ, ამერიკულ მხარესთან სამომავლო კონტაქტების დროს მზად ვიქნებით, განვიხილოთ იქ გაწერილი ინიციატივები. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი კონტაქტები დღეს არის შესაძლებელი. ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ მათ შედეგებს იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც გვაქვს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.