პუტინის თანაშემწე: დროებითი ზავი უკრაინელ სამხედროებს სულის მოთქმის საშუალებას მისცემს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, მას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, მშვიდობიანი ქმედებების იმიტირებული ნაბიჯები ამ სიტუაციაში არავის სჭირდება.
„მე, ბუნებრივია, გავაკეთე კომენტარი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე და დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი სამხედროებისთვის სულის მოთქმა“, – აცხადებს უშაკოვი.
უშაკოვის მტკიცებით, მოსკოვის მიზანია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება.
ინფორმაციისთვის, საუდის არაბეთში ვაშინგტონთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კიევი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, იმ შემთხვევაში თუკი მოსკოვი ასეთ ნაბიჯს გადადგამს.