ავტორი სალომე უერთაშვილი
რეჟისორი ქეთი დოლიძე ახალ წელს ყოველთვის ოჯახთან ერთად აღნიშნავს. „ქართულ აზრთან" საუბრისას მსახიობმა გამორჩეული ახალი წელიც გაიხსენა და მოსახლეობას 2017 წლის დადგომა მიულოცა.
- სად ხვდებით ახალ წელს?
- ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებით, შემდეგ ბავშვები გადიან, თუმცა მე არასდროს.
- წინასაახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?
- ნაძვის ხეს ყოველთვის მე ვრთავ, ახლა უკვე ჩემს შვილიშვილთან ერთად. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ნაძვის ხის აწყობა რიტუალივითაა.
- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
- არა, განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ყოველთვის ჩემი შვილი და შვილიშვილი არიან მეკვლეები, ასევე ჩემი უახლოესი მეგობარი ხვდება ახალ წელს ჩემთან.
- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?
- 2000 წლის დადგომა მახსოვს განსაკუთრებულად, მაინც ახალ საუკუნეს შევხვდით.
- რას უსურვებდით ქვეყანას და ხალხს?
- ვუსურვებ ბევრ სიკეთეს, ჯანმრთელობას და რაც მთავარია, მადლიერების გრძნობას, რომელიც ნელ-ნელა იკარგება. ყოველ დღე ღმერთს მადლობას უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვითენდება. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნეგატივია ხალხში და უნდა ვეცადოთ პოზიტივის შენარჩუნებას.