logo_geo
„მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვარ“ - რისთვის აგროვებს რუსკა ქარქაშაძე საკუთარ შემოსავალს
- +

12 ნოემბერი. 2017. 02:43



ერთ დღეში ცნობილი გავხდი და ამდენი რამ თავს დამატყდა...



14 წლის მსახიობს - რუსკა ქარქაშაძეს ცხოვრების ისეთი რიტმი აქვს, როგორიც არა მხოლოდ მოზარდისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანისთვისაც საკმაოდ რთულია. თუმცა, როგორც რუსკა ამბობს, ენერგიის ნაკლებობას არ უჩივის. მოსწონს თავისი საქმე და დიდი ცხოვრებისეული მიზნებისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს. მსახიობის გარდა, ახლა უკვე მეგაშოუს - „ჩვენ ვარსკვლავები ვართ" თანაწამყვანიც გახლავთ...


- მეგაშოუს თანაწამყვანობა საპასუხისმგებლო საქმეა. ამ ამპლუაში თავს კარგად ვგრძნობ. ჩემთვის პირდაპირ ეთერში ყოფნა დიდი გამოწვევა იყო. პირველად "რუსთავი 2"-ის ეთერში ამინდის პროგნოზი გამოვაცხადე და არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ძალიან ვინერვიულე... პირდაპირი ეთერი სხვაგვარ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ახლაც, „იმედის" მეგაშოუშიც პირდაპირ ეთერში ვარ. ბარიერი გადავლახე, რომ აღარ ვინერვიულო.


- რუსკა, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?

- თითქმის ყოველთვის ენერგიული და ცნობისმოყვარე ვარ, ასევე - ძალიან მოქნილი.


- სპორტით ხარ დაკავებული?

- კი. დაახლოებით 5 წელია, რაც მე და ჩემი და ჩოგბურთს ვთამაშობთ.

 

- რა მიღწევები გაქვს?

- რაღაც შეჯიბრებაში მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ ტურნირების პერიოდი ახლა იწყება.

 

- ჩოგბურთს პროფესიონალურ დონეზე სწავლობ?

- დიახ. ყოველდღე, 2-3 საათის განმავლობაში ვვარჯიშობ. ჩოგბურთს ვეუფლები, რადგან მსახიობისთვის კარგ ფორმაში ყოფნა აუცილებელია. თუმცა, მხოლოდ ამიტომ არ ვვარჯიშობ - შეიძლება, ჩოგბურთის ცოდნა მომავალში გამომადგეს.

 

- რომელი პროფესია გაქვს არჩეული?

- რა თქმა უნდა, მსახიობობა!


- როდის გააცნობიერე, რომ მსახიობობა გინდოდა?

- ასე მგონია, დაბადებისთანავე ვიცოდი. რაც თავი მახსოვს, მსახიობობა მინდა.


- ეს სურვილი რატომ და როგორ გაგიჩნდა?

- რაღაცნაირად, ჩემში „იჯდა". ვგრძნობდი, რომ გულით მინდოდა. მერე მივხვდი - თურმე, გამომდიოდა კიდეც და უკვე ორმაგი სტიმული გამიჩნდა, რომ კარგი მსახიობი გავმხდარიყავი.

 

- როდის გააცნობიერე, რომ მსახიობობა გამოგდიოდა კიდეც?

- დაახლოებით 7 წლისამ გავაცნობიერე. თეატრალურ სტუდიაში მივედი და ბევრი ქათინაური მივიღე. სცენაზე ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტუდიას უკავშირდება. მითხრეს, რომ ამ საქმეში რაღაც გამომდის და წარმატების მიღწევა შემიძლია. შემდეგ უკვე საკმაოდ წარმატებული სპექტაკლები მოზარდ მაყურებელთა თეატრში მქონდა. „დურუჯიც" გვაქვს აღებული.


- პოპულარობის პირველი შეგრძნება როდის გაგიჩნდა?

- ეს 9 ივნისს მოხდა, რადგან 8 ივნისს, ღამით, სერიალი - „ხელოვნური სუნთქვა" ეთერში გავიდა. 9 ივნისს რომ გავიღვიძე, ჩემი ცხოვრება ვეღარ ვიცანი - აბსოლუტურად სხვაგვარ გარემოში აღმოვჩნდი... დაუჯერებელი იყო! რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, - ქუჩაში გამაჩერონ და ჩემთან ერთად ფოტოები გადაიღონ-მეთქი, ერთ დღეში მოხდა: დავიძინე, გავიღვიძე და უკვე ყველაფერი სხვანაირად იყო...

 

- მოდი, საკუთარი თავი „ხელოვ­ნურ სუნთქვაში" შენს პერსონაჟს - მელანოს შეადარე... ჰგავხართ ერთმანეთს?

- ორივენი ძალიან ცნობისმოყვარეები, პრინციპულები და აქტიურები ვართ, მაგრამ დეპრესიულობითა და ცუდი ხასიათით მელანოს არ ვგავარ.


- სერიალის გადაღებების შეწყვეტას როგორ შეეგუე?

- რა თქმა უნდა, ძალიან მეწყინა, რადგან გადაღებებზე სიარული უკვე ყოველდღიურობად მექცა. სამუშაო რეჟიმს შეგუებული ვიყავი, დღე და ღამე ვმუშაობდი, ერთ დღეს კი აღმოჩნდა, რომ საქმე აღარ მქონდა - უმუშევარი ვიყავი. ცხადია, ეს რთულად აღსაქმელი იყო. დავითრგუნე, გული დამწყდა...

 

- საკუთარი შემოსავალი რომელი ასაკიდან გაქვს?

- 12 წლიდან.


- ახლაც გაქვს?

- კი, ფილმებიდან მქონდა. ახლა მეგაშოუც დაიწყო და როგორც გითხარით, იქაც დაკავებული ვარ.


- როგორი შეგრძნებაა, როცა მცირე ასაკში საკუთარი შემოსავალი გაქვს?

- ძალიან სასიამოვნოა. უსიამოვნო რატომ უნდა იყოს? თან, იმ ფაქტს ვეჩვევი, რომ რაშიც ვიხარჯები, ამისთვის გასამრჯელოს ვიღებ - ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს.

 

- შემოსავალს რისთვის იყენებ?

- სწავლისთვის, რა თქმა უნდა. ჩემს ჰონორარს უაზროდ არ ვხარჯავ - ძალიან ჭკვიანურად ვანაწილებ.

 

- კონკრეტულად, რის შესწავლას ახმარ შენს შემოსავალს?

- ჯერ არ ვიყენებ. ეს თანხა მერე დამჭირდება - სწავლისთვის მაქვს გადადებული.

 

- შენი აზრით, სხვა ბავშვების ცხოვრებისგან შენი ცხოვრება რით განსხვავდება?

- ხალხი მცნობს, ქუჩაში უცნობები სურათის გადასაღებად მაჩერებენ... სხვა არც არაფრით განსხვავდება. მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვარ: სკოლაში დავდივარ, გართობა მიყვარს...

 

- საკუთარ მაგალითზე გვითხარი, მოზარდები როგორ ცხოვრობთ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- სწავლით, ჩოგბურთით, გადაღებებით ვარ დაკავებული, დღეებს ასე საინტერესოდ ვატარებ. უსაქმური არც ერთ დღეს არ ვარ.

 

- შენი ჩვეულებრივი დღე რომელ საათზე იწყება და სრულდება?

- დილის 8 საათზე იწყება: ვემზადები, რომ 9-ზე სკოლაში ვიყო. სკოლის შემდეგ, ჩოგბურთი ან სხვა საქმეები მაქვს. ფაქტობრივად, სახლში ღამის 12-ზე ვბრუნდები. ჩემს საკმაოდ რთულ გრაფიკს უკვე მივეჩვიე.


- სასკოლო დავალებებს როდის ასრულებ, როდის მეცადინეობ?

- მეცადინეობა ღამით მიწევს: 2 საათზე ვიწყებ და 3-სკენ ვამთავრებ.

 

- ყველა დავალების შესრულებას ერთ საათში ასწრებ თუ სამეცადინოდ დღის განმავლობაშიც გაქვს დრო გამოყოფილი?

- ერთ საათში ვასწრებ. ზოგჯერ ეს დროც არ მჭირდება. ძალიან სწრაფად ვმეცადინეობ. სერიალშიც ასე ვიყავი: ტექსტს ერთხელ რომ წავიკითხავ, უკვე ვიცი. თუ დრო სწორად არ გავანაწილე, ვერაფერს გავაკეთებ. მეცადინეობისთვის 1 საათი მაქვს განკუთვნილი და უკვე მიჩვეული ვარ, რომ უნდა მოვასწრო. თუ გამოცდისთვის ვემზადები, შეიძლება, მთელი ღამე გავათენო, მაგრამ ყოველდღიურად საათიც საკმარისია. ძილი მჭირდება, რომ მეორე დღეს სკოლაში, გადაღებაზე, რეპეტიციაზე წავიდე.

 

- სკოლაში როგორ სწავლობ, როგორი ნიშნები გაქვს?

- კარგად ვსწავლობ, ყველაფერში ათიანი მაქვს. მასწავლებლებს ვუყვარვარ, რადგან სკოლა მიყვარს: იქაური გარემო, მეგობრებთან ყოფნა მსიამოვნებს. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. თან, ხედავენ, რომ კარგად ვსწავლობ, მოწადინებული ვარ და ჩემ მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავენ.


- მშობლები შენს დატვირთულ რეჟიმს როგორ ეგუებიან?

- თავდაპირველად, დარწმუნებული არ იყვნენ, წარმატების მიღწევას შევძლებდი თუ არა, რადგან ოჯახში და საერთოდ, გვარში მსახიობი არავინ გვყოლია. შემდეგ სპექტაკლზე მიხილეს და ჩემი შესაძლებლობით გაოგნდნენ. მშობლები ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან და ყოველთვის მხარში მიდგანან.

 

- რას გიკრძალავენ?

- მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პროფესიის წარმომადგენლები - იურისტები არიან, სიმკაცრით არ გამოირჩევიან. მთავარია, იცოდნენ, სად ვარ და რას ვაკეთებ. ერთადერთი, რაზეც გართულება აქვთ, სწავლაა: რა თქმა უნდა, გადაღებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად, სწავლა აუცილებელია და ამაში მშობლებს მეც ვეთანხმები. ღამით, შინ დაბრუნებული ვზივარ და ვმეცადინეობ.

 

- შენი ცხოვრების მთავარი მიზანი რა არის?

- მინდა, მაქსიმუმს მივაღწიო. „მწვერვალი" არ არსებობს, რადგან დედამიწა ბრუნავს, ყოველდღე რაღაც ხდება და იცვლება. ჩვენც ყოველდღიურად, რაღაც სხვა მიზანი გვიჩნდება - მიღწეულით აღარ ვკმაყოფილდებით, ახალ სიმაღლეზე ასვლა გვინდა. ამიტომ მსურს, მაქსიმალურთან მიახლოებულს მაინც მივაღწიო...


- ამ ეტაპზე კონკრეტული მიზანი გაქვს?

- კი, რა თქმა უნდა! რაზეც ყველა მსახიობი ოცნებობს, ჩემი ოცნებაც ის არის.


- „ოსკარის" აღებას გულისხმობ?

- აუცილებლად. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობ, მაგრამ რამდენი „უოსკარო" მსახიობია? მაგალითად, ჯიმ ქერი, ლეონარდო დიკაპრიოს კი „ოსკარი" ძლივს ეღირსა, მაგრამ ისინი ხომ გენიალური მსახიობები არიან! ამიტომ, ეს ნიჭიერებას არ განსაზღვრავს. მიმაჩნია, რომ თუკი ხალხს უყვარხარ, უკვე გამარჯვებული ხარ.

 

- ფილმის სიუჟეტისთვის შენი ცხოვრება საინტერესო იქნებოდა?

- კი, რატომაც არა! გარკვეულწილად საინტერესო იქნებოდა, ისეთი რაღაცები ხდება ჩემს თავს... მაგალითად, ერთ დღეში ცნობილი გავხდი და ამდენი რამ თავს დამატყდა...

 

- ამ „ფილმს" რომელ ჟანრს მიაკუთვნებდი?

- ალბათ, ოჯახურ კომედიას.

 

- ანუ კომიკურ სიტუაციაში ხშირად ხარ?

- ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც... მაგალითად, სკოლის ჩანთა ავტობუსში დამრჩენია და გაჩერებაზე უჩანთოდ ჩავსულვარ (იცინის)... მსგავსი რაღაცები მემართება ხოლმე.




ეთო ყორღანაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი