logo_geo
ეკა ჩხეიძე: ადამიანურად ვერ ვცხოვრობ
- +

1 იანვარი. 2021. 11:29

 

მსახიობ ეკა ჩხეიძის შემოქმედებაში პანდემიამ დიდი პაუზა გამოიწვია და ცხოვრების ხალისიც დაუკარგა. მუდამ ხალისიანი და ენერგიული მსახიობი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როდის დავამარცხებთ გაბატონებულ კორონავირუსს და ამ ბრძოლაში ის სრულიად კანონმორჩილია, ყველა რეგულაციას იცავს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს.

 

საყვარელ მარჯანიშვილის თეატრში მსახიობს უკვე 8 თვეზე მეტია ფეხი არ შეუდგამს, ძირითადად დროს სახლში ატარებს. რამდენიმე დღის წინ მამას, ცნობილ რეჟისორ თემურ ჩხეიძეს, დაბადების 77-ე წელი ტელეფონით მიულოცა, რადგან მათი დიდი ოჯახი პანდემიის გამო ერთი მაგიდის გარშემო ვერ შეიკრიბა, მუდამ ხალისიანი და ოპტიმისტი ეკა ამჯერად სევდიანად საუბრობს.

 

– ეკა, როგორია თქვენი ცხოვრება პანდემიის დროს?

 

– ძალიან ცუდი სიტუაციაა, ყოველ ნაბიჯზე უხილავი მტერი გყავს ამ კორონას სახით და შენ ხელთ არავითარი იარაღი არ არის, მხოლოდ სახლში ჩაკეტვა და იზოლაციაა გამოსავალი, საშინელებაა, როცა ამ რეალობას აცნობიერებ.

 

კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ყველაფერს ვასრულებ, რასაც სახელმწიფო აწესებს, იმედი მაქვს, რმო ყველაფერი დროზე დასრულდება. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი მქონდა განსახორციელებელი, მაგრამ ყველაფერი დავთმე და დავიწყე ლოდინი, როდის დასრულდება პანდემია. ხანდახან მგონია, რომ დაუსრულებლად გაგრძელდება ცხოვრების ეს პაუზა, მუდმივ დაძაბულ გარემოში ყოფნა ძაილან მოქმედებს ჩემზეც და ყველაზეც.

 

– გეტყობათ, რომ ძალიან შეშინებული ხართ ამ რეალობით.

 

– ბევრი ამბობს, არ მეშინია კორონავირუსისო. შიშზე კი არა, თავის დაცვაზეა საუბარ, რომ გინდა, დაიცვა შენი ახლობლები, მშობლები, შვილები, არ მეშინია, რას ნიშნავს, როდესაც მთელი მსოფლიო დაზაფრულია?! არ მეშინია, ეს რა ვაჟკაცობა და ძველბიჭური მიდგომაა, როდესაც არსებობს უხილავი მტერი და ის კლავს?! ყველაფერს ვაკეთებ, რომ თავი დავიცვა და ამით სხვასაც გავუფრთხილდე, ვისაც რა უნდა, ის თქვას.

 

– როდესაც საყვარელ საქმეს ვერ აკეთებთ, ალბათ სტრესი უფრო ძლიერდება.

 

– ჩემს სამუშაოს ვერ ვასრულებ, ადამიანურად ვერ ვცხოვრობ, სადაც მინდა, ვერ დავდივარ. ჩემმა ბიჭმა წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, პირველკურსელია, მაგრამ საერთოდ ვერ ხვდება, რა არის სტუდენტობა, სახლშია გამოკეტილი, ერთ ოთახში უნივერსიტეტი აქვს, რადგან ონლაინ სწავლობს და მეორე ოთახში სპორტდარბაზი მოიწყო, ეს ნორმალურია?!

 

თეატრში 8 თვეა, ფეხი არ შემიდგამს, ჩემს პროფესიაზე უკვე ხელი ჩავიქნიე, თეატრი როდის გაიხსნება, კაცმა არ იცის, ასე მგონია, ყველაფერი რომ გაიხსნება, თეატრი მაშინაც არავის გაახსენდება, როცა გაიღება თეატრის კარი, მერეც საკითხავია, რა უნდა შესთავაზო ამ კოვიდთან ბრძოლაგამოვლილ ხალხს. მე აღარ ვიცი, როგორ უნდა გაგრძელდეს თეატრალური ცხოვრება, რა სახის თეატრი და კინო მოუნდება მაყურებელს.

 

– ალბათ ასეთი დიდი დოზით სახლში არასდროს ყოფილხართ, რით ავსებთ ამ დროს?

 

– დრო გამყავს  ყველა საშუალებით, რითაც კი შეიძლება, ხან სამკაულებს ვაკეთებ, ხან რაღაცას ვწერ, ხან ვკითხულობ და ხან ფილმებს ვუყურებ. უამრავი ფილმი ვნახე და სერიალები რომ არ მიყვარდა, ახლა თითქმის ყველას ვუყურე. დავრეგისტრირდი უამრავ საიტზე, რომელთა საშუალებითაც ონლაინ ვნახულობ სხვადასხვა ქვეყნის სპექტაკლებს, დრო გამყავს ასე და თან გული მწყდება, რომ დროსთან ერთად ცხოვრებაც მიდის.

 

– რატომ ასე უიმედოდ, ვაქცინა ხომ უკვე არსებობს?

 

– მე ამ ვაქცინასაც ვერ ვუყურებ იმედიანად, ჯერ სანამ ჩვენამდე ჩამოვა, ერთი ამდენი დრო კიდევ გავა. იქამდე რა მასშტაბებს მიიღებს ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გავრცელება, არავინ იცის.

 

– რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

 

– ჩემი შვილი, რომელიც მილანში ჩარჩა, ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე და ამ ზაფხულს ვერ ჩამოვიდა, უსაზღვროდ მენატრება, საკმაოდ სერიოზულ კომპანიაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს, აქ რომ ჩამოვიდეს, ონლაინ ვერ იმუშავებს, ფიზიკურად ადგილზე უნდა იყოს, ამიტომ ასე ვართ განცალკევებულები.

 

– მამათქვენი, ბატონი თემურ ჩხაიძე 18 ნოემბერს 77 წლის გახდა, როგორ აღნიშნეთ ეს დღე, როგორ მიულოცეთ?

 

– მამაჩემიც თვეებია არ მინახავს და დაბადების დღეც ტელეფონით მივულოცე, მაინც ვერიდები კონტაქტს, რადგან ხან ტელევიზიაში მიწევს მისვლა და ხან სხვა აუცილებელ ადგილებში.

 

– როგორია ბატონი თემურის განწყობა?

 

– მამაც ამ პანდემიის წესების სრული დამცველია და გიჟდება პოლიტიკურ მოვლენებზე, რა დროს ერთმანეთის ჭამაა ამ რთულ სიტუაციაშიო, სულ ვეუბნები, ნუ უყურებ საინფორმაციო გადაცემებს-მეთქი, მაგრამ, სადაც უნდა გადართო, ეს პოლიტიკური ბრძოლა თავს გახსენებს.

 

– პანდემია ადრე თუ გვიან დასრულდება, რას ფიქრობთ, შინაგანად როგორი იქნებით ამ დროისთვის?

 

– აქამდეც ვაფასებდი და ამის შემდეგაც უფრო დავაფასებ ადამიანურ ურთიერთობას, უფრო თამამი ვიქნები სითბოსა და სიყვარულის გაცემაში, ამ რიგში, იმას, რომ ათას სისულელეზე შეგვიძლია ერთმანეთს ვაწყენინოთ, ამ დროს კი შეიძლება ამ ვირუსმა ადამიანი ისე გააქროს, პატიების თხოვნაც ვერ შეძლო.

 

– თქვენ გქონდათ ერთი უსიამოვნო შემთხვევა – უსიამოვნოდ გადაკიდებული გყავდათ თაყვანისმცემელი, ის პოლიციამაც კი დააკავა, როგორ გაგრძელდა ეს ამბავი?

 

– პოლიციამ ჩემს სახლთან მოახლოება აუკრძალა, ერთი-ორჯერ ყვავილები მაინც დატოვა სახლთან, მაგრამ კომენდანტის საათმა მიშველა, რადგან ღამით ტოვებდა და ახლა გარეთ ვერ გამოდის, მაქსიმალურად მივახვედრე, რომ თუ ჩემს თვალთვალს და დახვედრებს არ დაანებებს თავს, პოლიცია სხვა ზომებსაც მიიღებს, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდა.

 

– ასეთი სევდიანი და ცოტა უიმედო ეკა ჩხეიძე არ მახსოვს, ალბათ, ახალი წლის დღეები მაინც შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში იმედს და მხიარულებას.

 

შარშან ამ დროს უკვე ნაძვისხეც მქონდა მორთული, არ ვიცი, ალბათ, თავს უნდა დავაძალო, რომ საახალწლო განწყობა შემოვიტანო სახლში.

 

ავთო ჩიტიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი