logo_geo
ასეულობით წმინდანთა ნაწილები და სხვადასხვა სიწმინდეები საქართველოშია!
- +

10 ოქტომბერი. 2021. 00:29

 

19 სექტემბერს საქართველოში ევროპის სხვადასხვა წმინდა სავანეებიდან საჩუქრად სიწმინდეები ჩამობრძანდა. აღნიშნულის შესახებ „ქართული აზრი“ ზუგდიდის მუზეუმის დირექტორს გია ჯიჭონაიას ესაუბრა.

 

 

 

_ ვისი მეთვალყურეობით განხორციელდა აღნიშნული სიწმინდეების საქართველოში ჩამობრძანება?

_ ცნობილი მეცენატის  გიორგი ბერიშვილის მეთაურობით მოხდა ეს ყველაფერი. ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის მცველთა ორდენის წევრიცაა.  მან განახორციელა ეს ყველაფერი.

 

 

 

_ პატრიარქი იყო საქმის კურსში, როდესაც სიწმინდეების ჩამობრძანებისთვის სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა?

_ ამ სიწმინდეების ჩამობრძანება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და  ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. ეს სიწმინდეები საჩუქრად გადმოეცა საქართველოს. საქართველო ბლოკპოსტია ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის. ესაა ზოგადსაკაცობრიო საქმე. კათოლიკეებისთვის, მართლმადიდებლებისთვის ეს სიწმინდეები წმინდა სალოცავებია.

 

 

 

_ რა სიწმინდეებზეა საუბარი და სრულად თუა ჩამოსული?

_დიახ, ყველა სიწმინდე ჩამოვიდა, რომელიც აღნიშნული იყო.

  1. უფლის ჯვრის ნაწილი (სანტა-კროჩე ინ იერუსალიმე, რომში).
  2. უფლის დაკრძალვის სუდარის ნაწილი (აახენის ეპარქიის, აახენის საკათედრო ტაძრიდან).
  3. უფლის მოსასხამის ნაწილი (ათონი. კონსტამანტის მონასტერი).
  4. უფლის წამების ღრუბელი (იტალია. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრიდან)
  5. ეკლის გვირგვინის ნაწილი (პარიზის სენტ-შაპელის ტაძრიდან).
  6. უფლის წამების ჯოხის ნაწილი (ათონი, დიდი ლავრა).
  7. უფლის მოსასხამის ნაწილი (ესპანეთის ქალაქ ოვიედოს სან-სალვადორის ტაძრიდან).
  8. ქრისტეს ტუნიკის ნაწილი (გერმანია, ტრირის ტაძრიდან).
  9. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსის ნაწილი (ქალაქ შარტრის საკათედრო ტაძრიდან).
  10. ღვთისმშობლის, ქსოვილის სარტყლის ნაწილი (აახენის ეპარქიის აახენის საკათედრო ტაძრიდან).
  11. ღვთისმშობლის ტუნიკის ნაწილი (აახენის ეპარქიის აახენის საკათედრო ტაძრიდან).
  12. ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი (ათონი, ვათოპედის მონასტერი).
  13. ქვები ღმრთისმშობლის სახლიდან (იტალია, ლორეტო, ბაზილიკა `წმინდა ქოხი~).
  14. ქვა ღმრთისმშობლის საფლავიდან (იერუსალიმი. ღმრთისმშობლის მიძინების გამოქვაბულის ტაძარი გეთსემანიაში).

ასევე საქართველოში საჩუქრად ჩამოვიდა: წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ბარბარეს, წმინდა მატრონას და ასეულობით წმინდანთა ნაწილები.

_ როგორ მოხდა ამ სიწმინდეების შეგროვება, ერთად თავმოყრა?

_ ევროპის წმინდა სავანეებიდან ეს სიწმინდეები უკრაინაში, ოდესაში, წმინდა ილინსკის მონასტერში შეგროვდა, საიდანაც  19 სექტემბერს საქართველოში, ფოთში ზღვით ჩამოვიდა.

_ სად დაბრძანდება სიწმინდეები, სად იქნება შესაძლებელი მათი მოლოცვა?

 _ ეს სიწმინდეები ფოთიდან, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდება ერთი კვირით. მეუფე გერასიმეს პატრიარქთან ჰქონდა საუბარი და საბოლოოდ გადაწყდა, რომ სიწმინდეები თბილისში წამოსულიყო ერთი კვირით. შემდეგ ეს სიწმინდეები ზუგდიდის, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში დაიდებს ბინას. მრევლს შესაძლებლობა ექნება, ეს სიწმინდეები ნახოს. სასწაული სიწმინდეებია, რაც არათუ საქართველოში,  ერთად აღებული არცერთ ქვეყანაში არააა. უფალმა გვიბოძა, რომ საქართველოში წამოვიდა ეს უდიდესი სიწმინდეები.

 

 

 

 

big_banner
არქივი