logo_geo
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
- +

22 სექტემბერი. 2017. 21:37



სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკა - ირმის ნახტომი - შესაძლოა არც თუ ისე „ტიპური" იყოს, როგორც აქამდე მიგვაჩნდა, ამბობს ახალი კვლევა.


ირმის ნახტომი, რომელიც ჩვენი დედამიწისა და მთლიანად მზის სისტემის სამშობლოა, ასევე მასპინძლობს რამდენიმე პატარა თანამგზავრ-გალაქტიკას. ეს ციცქნა გალაქტიკები ირმის ნახტომის გარშემო მოძრაობენ და ძალიან გვეხმარებიან თავად ირმის ნახტომის შესწავლაში.


როგორც კვლევა Satellites Around Galactic Analogs (SAGA)-ის ადრეული შედეგები მიუთითებს, ირმის ნახტომის თანამგზავრები, სხვა სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო წყნარები არიან სიკაშკაშისა და გარემოს თვალსაზრისით. „დობილი" გალაქტიკების ბევრი თანამგზავრი გამოირჩევა აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით, თუმცა, როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ირმის ნახტომის თანამზგავრები გაცილებით ინერტულნი არიან.


მკვლევართა თქმით, ეს საკმაოდ საყურადღებო ფაქტია, რადგან ბევრი მოდელი, რომელიც ჩვენ სამყაროს შესახებ ვიცით, ეყრდნობა გალაქტიკათა ქცევას ირმის ნახტომის მსგავსი პროცესების გადმოსახედიდან.

 

„ირმის ნახტომსა და მის შემოგარენს ვიყენებთ თითქმის აბსოლუტურად ყველაფრის შესასწავლად. ყოველწლიურად ასობით კვლევა ტარდება ბნელი მატერიის, კოსმოლოგიის, ვარსკვლავებისა თუ გალაქტიკების ფორმაციის შესახებ, რომლებიც ირმის ნახტომს იყენებენ როგორც გზამკვლევს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ირმის ნახტომი „განდეგილი" იყოს",- აღნიშნა კვლევის ავტორმა, იელის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა მარლა გეჰამ.


SAGA-ს პროგრამა ხუთი წლის წინ დაიწყო და მისი მიზანია ირმის ნახტომის 100 დობილი გალაქტიკის თანამგზავრთა შესწავლა. ჯერჯერობით, მან ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ რვა დობილი სისტემის შესწავლა მოახერხა, რაც მკვლევართა თქმით, ძალიან ცოტაა დამაჯერებელი დასკვნების გამოსატანად. მომდევნო ორ წელიწადში, SAGA ირმის ნახტომის კიდევ 25 დობილი სისტემის შესწავლას გეგმავს.


თუმცა, კვლევის ადრეულმა შედეგებმა საზოგადოება უკვე აალაპარაკა. ბოლო კონფერენციაზე, რომელზეც გეჰამ SAGA-ს ზოგიერთი პირველადი მიღწევა წარადგინა, ერთ-ერთმა მკვლევარმა მას უთხრა: „უბრალოდ, თქვენ უკვე გაანადგურეთ ყველაფერი, რაც აქამდე ვიცოდით მცირე გალაქტიკათა წარმოქმნის შესახებ".


„ჩვენი ნაშრომი ირმის ნახტომს უფრო ფართო კონტექსტში ათავსებს. SAGA-ს პროგრამა უზრუნველგვყოფს კრიტიკულად ახალი გაგებით გალაქტიკათა ფორმაციისა და ბნელი მატერიის შესახებ", - აღნიშნა SAGA-ს მკვლევარმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა რაისა ვეჩსლერმა.


ვეჩსლერის, გეჰასა და მათი ჯგუფის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ირმის ნახტომის დობილ გალაქტიკათა თანამგზავრების ძებნას.

 

„მართლა ძალიან მსურს ვიცოდე, ირმის ნახტომი მართლაც უნიკალურია თუ სავსებით ნორმალური. ჩვენს ტყუპისცალთა შესწავლით, კიდევ უფრო მეტს შევიტყობთ საკუთარი თავის შესახებ", - ამბობს იელის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მარლა გეჰა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი