logo_geo
რა მოხდება თუ ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში ბირთვულ აფეთქებას მოახდენს
- +

29 სექტემბერი. 2017. 21:44



ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთ უმძლავრეს ბირთვულ აფეთქებებს გეგმავდეს. გავრცელებული ინფორმაციით, იზოლირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რინგ იონგ-ჰომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ნამდვილად განიხილავს ასეთ საცდელ აფეთქებებს.


„შესაძლოა ეს იყოს წყალბადის ბომბის ყველაზე მძლავრი აფეთქება წყნარ ოკეანეში", - სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap News Agency-ის ცნობით, ამის შესახებ რინგ იონგ-ჰომ ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაერო-ს ასამბლეაზე განუცხადა.


„წარმოდგენა არ გვაქვს, რა შეიძლება მოხდეს, რადგან ბრძანებებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი გასცემს".


მსგავსი ვარაუდი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის აგორებულ საომარ რიტორიკას მოჰყვა. 


გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა კიმ ჩენ ინს თვითმკვლელი „რაკეტის კაცი" უწოდა და ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურებით" დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუკი „აშშ იძულებული გახდება დაიცვას საკუთარი თავი და მოკავშირეები".


აშშ-ის პრეზიდენტს კიმ ჩენ ინმა წერილობითი განცხადებით უპასუხა, რომელშიც ტრამპს „ფსიქიკურად ავადმყოფი, გამოჩერჩეტებული მოხუცი" უწოდა და აღნიშნა, რომ „შეშინებული ძაღლი უფრო ხმამაღლა ყეფს".


ტრამპის გამოსვლა ბევრმა ექსპერტმა გააკრიტიკა და აღნიშნეს, რომ მისმა სიტყვებმა შესაძლოა კიმ ჩენ ინს უფრო უბიძგოს დრამატული ქმედებებისაკენ.


ბოლო წლებში, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე მძლავრი საცდელი ბირთვული აფეთქება განახორციელა, თუმცა მიწისქვეშ, მთების სიღრმეში. ბირთვული აფეთქება ჰაერში, მიწის პირზე, წყალქვეშ ან კოსმოსში, უკვე ათწლეულებია არავის განუხორციელებია.


თუკი ჩრდილოეთ კორეა მიწისზედა ბირთვულ აფეთქებებს მოახდენს, მათ შორის უმძლავრესს წყნარ ოკეანეში - ცივი ომის პერიოდის საცდელი აფეთქებების მდიდარი ისტორია ნათლად გვთავაზობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.



 

რატომ არის ატმოსფერული ბირთვული ცდები სახიფათო


1945 წლის შემდეგ, აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა 2000-ზე მეტი საცდელი ბირთვული აფეთქება განახორციელეს.


500-ზე მეტი ასეთი აფეთქება მოხდა ნიადაგში, კოსმოსში, სამხედრო ბარჟებზე თუ წყალქვეშ. თუმცა, ეს ყველაფერი ცივი ომის გარიჟრაჟზე მოხდა, სანამ კარგად გააცნობიერებდნენ უდანაშაულო ხალხისა და გარემოს წინაშე წარმოქმნილ რისკებს (თითქმის ყველა ამ ქვეყანას, ბირთვული ცდები ამჟამად აკრძალული აქვს).


საცდელი ბირთვული აფეთქებების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ წარმოქმნის რადიოაქტიურ ნალექებს. საკუთარი რისკები აქვს კოსმოსში აფეთქებებსაც, მაგალითად, უფრო ფართოდ ვრცელდება ელექტრომაგნიტური პულსები.


აფეთქების დროს, ბირთვული იარაღის გულის მხოლოდ მცირე ნაწილი გარდაიქმნება ენერგიად; დარჩენილი კი გამოსხივდება, დნება და წვრილ ნაწილაკებად გადაიქცევა. შედეგად წარმოიქმნება ნალექების მცირე ოდენობა, რომელიც ატმოსფეროში ადის და ირგვლივ ვრცელდება.


თუმცა, ნალექების რისკი განსაკუთრებით იზრდება ხმელეთის ან წყლის სიახლოვეს.


ასეთ ადგილებში, ბირთვულ აფეთქებას შეუძლია შეიწოვოს მიწა, ნარჩენები, წყალი და სხვა ნივთიერებები და წარმოქმნას მრავალტონიანი რადიოაქტიური ნალექები, რომელიც შემდეგ ატმოსფეროში ადის და ასობით კილომეტრზე გადაადგილდება.


ასეთმა ნალექებმა ცივი ომის პერიოდში უამრავი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის იაპონელი მეთევზეები და მთელ მსოფლიოში დღემდე იწვევს კიბოებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.



 

სად შეიძლება მოხდეს და რა მოცულობის?


ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ სად შეიძლება მოხდეს და რა სიმძლავრის წყალბადის ბომბის გამოცდა. თუმცა, მან იქვე მიანიშნა, რომ შესაძლოა ეს იყოს ყველაზე მძლავრი ბომბი, რაც კი ოდესმე წყნარ ოკეანეში აფეთქებულა.


თუკი საქმე სიტყვების არასწორ ფორმულირებასთან არ გვაქვს, შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჰიპოთეტიკურმა აფეთქებამ აშშ-ის ყველაზე მძლავრ ბირთვულ ცდებსაც გადააჭარბოს. 


1954 წლის 1 მარტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თერმობირთვული ბომბი „ცეროდენა" გამოსცადა მარშალის კუნძულებში მდებარე ბიკინის ატოლზე (იაპონიიდან 3700 კმ და ჰავაიდან 4350 კმ).


ეს გახლდათ აშშ-ის „კასტლ-ბრავოს" ცდების ნაწილი; აფეთქების სიმძლავრემ 15 მილიონი ტონა ტრინიტროტოლუოლის (TNT) აფეთქების ეკვივალენტი შეადგინა, ანუ იყო დაახლოებით 1000-ჯერ უფრო მძლავრი, ვიდრე აშშ-ის თავდასხმა ჰიროსიმაზე, რომელსაც 150 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.


მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით „ცეროდენა" და „კასტლ-ბრავო" წარმატებულად მიიჩნევა, მათი შედეგები გამანადგურებელი აღმოჩნდა.


მწერალი და ფილმების პროდიუსერი ერიკ შლოსერი თავის წიგნში, მეცნიერ ბერნარდ ო'კიფის მოგონებებზე დაყრდნობით, აფეთქების სიმძლავრეს აღწერს. აფეთქების დროს,  ო'კიფი სპეციალურ ბუნკერში იმყოფებოდა.



„ცეროდენას აფეთქებიდან დაახლოებით ათ წამში, გადაადგილდა თითქმის 50 კილომეტრის მანძილზე მდებარე მიწისქვეშა ბუნკერი.  თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ბეტონის ბუნკერი კუნძულს მიადგა. 

 

„შენობა გადაადგილდება თუ მე მესხმის თავბრუ? - იკითხა სხვა მეცნიერმა. „ღმერთო ჩემო, ის მიდის, მოძრაობს", - ამბობს ო'კიფი.


მეცნიერები საბოლოოდ ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ ასე არ გაუმართლა 160 კილომეტრით მოშორებით მდებარე მარშალის კუნძულების მოსახლეობას.


„ცეროდენას" მიერ წარმოქმნილმა 6 კმ სიგანის ცეცხლოვანმა ბურთმა ბიკინის ატოლიდან ააორთქლა  დაახლოებით 200 მილიარდი ტონა მარჯნის რიფები და მათი უდიდესი ნაწილი რადიოაქტიურ ნალექებად გარდაქმნა, რომელიც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ატოლის აღმოსავლეთით, რადიაციისგან გამოწვეული დაავადებებით მრავალი ადამიანი დაიღუპა.


დღეისათვის, აფეთქების ადგილას დარჩენილია 1,6 კმ სიგანისა და 76 მ სიღრმის კრატერი, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.


თუკი ჩრდილოეთ კორეა წყალბადის ან თერმობირთვული მოწყობილობის აფეთქებას გადაწყვეტს, თანაც ყველაზე მძლავრს, ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ხმელეთთან სიახლოვეს არ მოხდება.


რაკეტით თუ მის გარეშე?


როგორც ყველა შესაძლო სცენარი მიუთითებს, ჩრდილოეთ კორეა თერმობირთვულ მოწყობილობას კონტროლირებადი გზით ააფეთქებს - თვითმფრინავით, ბარჟით, საჰაერო ბურთით ან გარკვეული სახის სტაციონარული პლატფორმით. 


მაგრამ ხალხის რისკები დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, ჩრდილოეთ კორეა საკონტინენტთშორისო ბალისტიკურ ქობინას გაუშვებს თუ მოკლედიაპაზონიან რაკეტას, ისეთს, როგორიც წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.


წარმატების შემთხვევაში, ასეთმა სარაკეტო ტესტმა უნდა აჩვენოს, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოახდინა თავისი შეიარაღების მინიატურიზაცია. მაგრამ თუკი მათ წყალბადის ბომბი ააფეთქეს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩრდილოეთ კორეას აშშ-ისათვის გამანადგურებელი თერმობირთვული დარტყმის მიყენება შეუძლია.


თუმცა, საკმაოდ ხშირად, რაკეტების მარცხი გარდაუვალია, განსაკუთრებით მათი განვითარების ადრეულ ეტაპზე. ბირთვულ ქობინაზე მიბმული ჩრდილოეთ კორეული საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტა შეიძლება მნიშვნელოვნად ასცდეს მიზანს ან გზაშივე აფეთქდეს. 


ეს კი გამოიწვევს აფეთქებას მოულოდნელ ადგილსა და სიმაღლეზე. 


ეს ყველაფერი რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა თუკი რაკეტას არ აქვს თვითგანადგურების უნარი. ამ შემთხვევაში, გაშვების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ბალისტიკური რაკეტის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვით ან სხვა იარაღით მისი განადგურებით.

 

„ამ კონფლიქტის ირგვლივ ასეთი დაძაბულობა კორეის ომის შემდეგ არ ყოფილა", - ამბობს ჩრდილოეთ კორეის ამბების ანალიტიკოსი ტრისტან ვები.


„ივლისში კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ კარტების გახსნა ფინალურ ეტაპში შედის. როგორც ჩანს, კონფლიქტისთვის ის ფსიქოლოგიურად ემზადება".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი