logo_geo
უახლოეს მომავალში, აშშ მთვარეზე ადამიანებს კვლავ გაგზავნის
- +

11 ოქტომბერი. 2017. 00:23


სექტემბრის დასაწყისში, NASA-მ განაცხადა, რომ ემზადება პრიორიტეტი მარსიდან მთვარეზე გადაიტანოს, როგორც კი ამჟამინდელი ხელისუფლება მწვანე შუქს აუნთებს ლოჯისტიკურ გაშვებებს.


როგორც ჩანს, სააგენტოს თვისი გეგმების მოქმედებაში მოყვანა მოუწევს, რადგან აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ უკვე გამოაცხადა, რომ განახლებული ძალისხმევით უბრუნდება ჯერ მთვარეს და შემდეგ მის მიღმა სივრცეს.


4 ოქტომბერს, The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი განმარტავს, რომ უკვე ხელი მოეწერა ბრძანებას ეროვნული კოსმოსური საბჭოს აღდგენის თაობაზე, რომლის ხელმძღვანელიც თავად იქნება. 


„რამდენიმე დღეში, საბჭო პირველად შეიკრიბება ბოლო 25 წლის განმავლობაში და მე, როგორც მისი თავმჯდომარე, გავაჟღერებ ერთ მარტივ მესიჯს: ამერიკა კვლავ იქნება ლიდერი კოსმოსში", - ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ ეროვნულ კოსმოსურ პოლიტიკას აკლია თანმიმდევრულობა, რამაც აშშ ამ სფეროში უკან დატოვა მაშინ, როცა ჩინეთმა და რუსეთმა საკუთარი გეგმები წინ წასწიეს.


პენსი ასევე განმარტავს თუ როგორ სასტიკად სჭირდება აშშ-ს საკუთარი კოსმოსური ტექნოლოგიები, რათა გატეხვის მცდელობებისაგან დაცული იყოს სადაზვერვო, საკომუნიკაციო და სანავიგაციო სისტემები.

 

რაც შეეხება მარსს?


პენსი დარწმუნებულია, რომ მთვარით დაწყება და იქ ადამიანთა ყოფნა სასიცოცხლო სტრატეგიული მიზანია.


ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარე პირველ ნაბიჯად განიხილება მზის სისტემის უფრო შორეული მისიებისათვის; აგვისტოში, ყოფილმა ასტრონავტმა კრის ჰარდფილდმა განაცხადა, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მთვარეზე დასახლება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მეტიც შეგვიძლია.


დაპირება კი ისაა, რომ ჩვენი მოგზაურობა იქ არ შეჩერდება. ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აშშ გეგმავს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ადამიანებს მარსზე გაგზავნის. თუმცა, ამჟამად ისე ჩანს, რომ კოსმოსში გავრცელების მთავარი მიზანი უფრო კომერციაა, ვიდრე სამეცნიერო კვლევები.


„მომავალ წლებში, ამერიკული ინდუსტრია უნდა იყოს პირველი, რომელსაც მუდმივად ექნება დედამიწის დაბალ ორბიტაზე ადამიანთა კომერციული მოგზაურობის სერვისი, რათა ეკონომიკის სფერო ამ ცისფერი ბურთულას მიღმაც განვავრცოთ", - აღნიშნა პენსმა.


მომდევნო რამდენიმე კვირაში, ადმინისტრაცია ჩამოაყალიბებს მომხმარებელთა საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტდება კომერციული კოსმოსური ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერებით.


როგორც სახელიდანაც ირკვევა, ამ ინსტიტუციის მთავარი დანიშნულება იქნება იმ ხალხის შემოკრება, რომლებიც ადამიანთა კოსმოსში გაგზავნისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობენ, მათ შორის კომერციული მიზნებისთვის.


როგორც პენსი აღნიშნავს, „კოსმოსურ ტექნოლოგიებში ბიზნესი წამყვანი ძალაა და ვგეგმავთ, უძირო ინოვაციებისკენ წავიდეთ, რათა გადავჭრათ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები".


ვიცე-პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნება ამ ჯგუფში; თუმცა, პირველი ვინც ალბათ ყველას მაშინვე ახსენდება, SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი და Blue Origin-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. 


მასკმა სულ ახლახან წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მისმა კომპანიამ ადამიანები მარსზე 2024 წელს უნდა გაგზავნოს, Blue Origin-ი კი სუბორბიტალურ სივრცეში ხალხის გაგზავნას მომავალი წლიდან გეგმავს.


ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება იმის ხილვას, თუ ზუსტად რას გააკეთებს ეროვნული კოსმოსური საბჭო. მიუხედავად იმისა, რომ NASA-მ საზოგადოებას უკვე ამცნო საკუთარი გეგმები მთვარისა და მარსის შესახებ, ორგანიზაცია თვალშისაცემად გამოტოვებული იყო ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში.


NASA-ს კრიტიკოსების, მაგალითად, კომპანია Lockheed Martin Astronautics-ის ყოფილი ინჟინრისა და Pioneer Astronautics-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, რობერტ ზურბინის თქმით, მთვარის ბაზისა და დედამიწის ქვედა ორბიტის მისიების მიზანია მისიების ფუნქციების გამრავალფეროვნება, შესაბამისად, საქმე გვაქვს უფრო არასაჭირო დეპარტამენტების დაფინანსებასთან, ვიდრე სინამდვილეში მარსამდე მიღწევასთან.


მიუხედავად იმისა, ცვლის თუ არა NASA-ს უგულისყურობა გეგმებს, უახლოესი წლები ნამდვილად იქნება ყველაზე საინტერესო აშშ-ის კოსმოსურ ისტორიაში 1960-იანი წლების შემდეგ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი