logo_geo
მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციები უკეთესი მომავლისათვის შესაძლოა მილიონობით წლით „იძინებდნენ“
- +

3 ივნისი. 2017. 01:54


 


ფერმის პარადოქსის მიხედვით, სამყარო ვრცელი, შეუცნობელი სივრცეა, რომელიც სავსეა ტრილიონობით ისეთი პლანეტით, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს... თუ ეს ასეა, მაშ სად არიან უცხოპლანეტელები?


ამ თავსატეხის ამოხსნის ბოლო მცდელობაში, მკვლევართა სამეული ვარაუდობს, რომ მოწინავე არამიწიერ ცივილიზაციებს შესაძლოა აქვთ უნარი, მიმართონ „გამოზამთრებას", ანუ საკუთარი თავი დააკონსერვონ და დაელოდონ უკეთეს მომავალს, როდესაც სამყარო ბევრად უფრო ცივი იქნება, ვიდრე ახლაა, რაც გააადვილებს იმ ოდენობის ენერგიის მოპოვებას, რაზეც ამჟამად მხოლოდ ოცნება შეგვიძლია.


ახალი დოკუმენტი, რომელიც ერთობლივად დაწერეს ოქსფორდის ნეირომეცნიერმა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტმა ანდრეს სანბერგმა და სტიუარტ არმსტრონგმა, ასევე ბელგრადის ასტრონომიული ობსერვატორიის მკვლევარმა მილან ჩირკოვიჩმა - ამტკიცებს, რომ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ცივილიზაციას შესაძლოა უკვე შესწავლილი ჰქონდეს სამყაროს ძალიან დიდი ნაწილი და ახლა სიცოცხლისათვის უფრო უკეთეს დროს ელოდებოდეს. 


„ამ ეტაპისთვის, კოსმოსური ფონური რადიაციის წყალობით, სამყაროში თითქმის ყველაფრის საშუალო ტემპერატურა -270°C-ზე ქვემოთაა, მაგრამ სამყაროს გაფართოებასთან ერთად, ეს ფონური ტემპერატურა თანდათან მცირდება", - წერენ საკუთარ ბლოგზე სანდბერგი და ჩირკოვიჩი.


„შესაბამისად, თუ გსურთ იმდენი ინფორმაცია დაამუშაოთ, რის საშუალებასაც თქვენს ხელთ არსებული ენერგია გაძლევთ, ყველაზე საღი აზრია, მოიცადოთ. თანდათან გარემო გაცილებით უკეთესი გახდება".


დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე, შეუძლებელია მკვლევართა მიერ გამოთქმული მოსაზრებების დამტკიცება, რითაც მკვლევრები ცოტა არ იყოს, ერთობიან კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებენ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მიზეზი, რის გამოც ჩვენ უცხოპლანეტელებს ვერ ვპოულობთ ისაა, რომ ისინი ან საერთოდ არ არსებობენ, ან ძალიან შორს არიან.


თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, ეს მოსაზრება არა მხოლოდ დაგვეხმარება გამოვრიცხოთ მრავალი შესაძლებლობა ფერმის პარადოქსიდან, არამედ მნიშვნელოვან ცნობებსაც მოგვაწვდის ჩვენს საკუთარ შანსებსა და პოტენციალზე მომავლის სამყაროში.


„თუკი არ შეამოწმებ შენთვის ყველაზე ნაკლებად სასურველ ჰიპოთეზას, შენ არ ემსახურები მეცნიერებას", - უთხრა სანდბერგმა Gizmodo-ს.


თუ ამ გზით წავალთ, განვიხილოთ ე. წ. ზაფხულის ძილის ჰიპოთეზა.


ამ ჰიპოთეზის წინაპირობა ემყარება რწმენას, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც ცივილიზაცია უფრო განვითარებული გახდება როგორც კულტურულად, ისე ტექნოლოგიურად, დიდი ალბათობით, იგი შესძლებს ბიოლოგიურიდან თითქმის მთლიანად მანქანურ სიცოცხლეში გადავიდეს.


თუკი ჩვენ, ადამიანებმა უკვე შევძელით და დავიწყეთ სხეულის ბიონიკური ორგანოებისა და ისეთი მოწყობილობებსი წარმოება, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტით შეუძლიათ შეერწყან ცოცხალ ტვინს, წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლება იყოს ცივილიზაცია, რომელმაც ამ ყველაფერს ათასობით ან იქნებ მილიონობით წლის წინაც მიაღწია.


როგორც NASA- ერთ-ერთმა მკვლევარმა უკვე ურჩია არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტს (SETI), დაუშვებელია შემოვისაზღვროთ მხოლოდ ბიოლოგიური სიცოცხლის ნიშნების ძიებით, საჭიროა ვეძებოთ ისეთი არამიწიერი არსებებიც, რომელთაც „უკვე დიდი ხანია უკან მოიტოვეს სისხლი და ხორცი და ამჟამად მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე არიან გადასულნი".


სანდბერგისა და მისი კოლეგის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ცივილიზაციებს უნდა გარკვეული ჰქონდეთ როგორ გააცოცხლონ თავიანთ მკვდარი და უმოქმედო ბიოლოგიური სხეული მანქანურ ტექნოლოგიებში საკუთარი გონების ატვირთვის გზით.


ელონ მასკის მტკიცებით, ეს უკვე მოხდა და ჩვენ ყველა, მატრიცის სტილის ილუზიაში ვცხოვრობთ.


როგორც „ზაფხულის ძილის ჰიპოთეზა" ამტკიცებს, თუკი ტექნოლოგიური ძალა, აქედან გამომდინარე ენერგიაც, ამ ცივილიზაციათა შენარჩუნების ერთადერთი რესურსია, განვითარების გასაგრძელებლად გადამწყვეტია შესაბამისი პირობები.


„ტემპერატურაზე დამოკიდებული ინფორმაციის დამუშავებისათვის არსებობს თერმოდინამიკური საფასური: პრინციპში, პროცესის მსვლელობა 10-ჯერ უფრო ეფექტიანი გახდება, თუკი თქვენი კომპიუტერი 10-ჯერ უფრო ცივი იქნება", - განმარტავენ საკუთარ ბლოგზე სანდბერგი და ჩირკოვიჩი.


იმის განსაზღვრა, თუ როგორ გაცივდება გაფართოებადი სამყარო მილიონობით წლების შემდეგ, პოსტ-ბიოლოგიურ უცხოპლანეტელებს საშუალებას მისცემდა საკუთარი თავი „ძილის რეჟიმზე" გადაეყვანათ და გამოეტოვებინათ სამყაროში ამჟამად არსებული მძიმე პირობები.

 

„მოწინავე ცივილიზაციას შესაძლოა გამოკვლეული ჰქონდეს სამყაროს დიდი ნაწილი, გარკვეული ჰქონდეს ისიც, თუ რისი გაკეთება შეუძლია არსებული გარემოს პირობებში და ამჟამად, შიდა „კულტურული" საქმიანობით იყოს დაკავებული", - ამბობენ მკვლევრები.


„შეგვიძლია საგნებს შევხედოთ ინფორმაციის დამუშავების გადმოსახედიდან. თუ მათ სურთ მიაღწიონ დამუშავების მაჩვენებლის მაქსიმუმს, რაც დღეს არ შეუძლიათ, მაგრამ აქვთ უნარი დაელოდონ უფრო ცივ მომავალს, ისინი გაცილებით მეტ ენერგიას მიიღებენ". 


ალბათ სიურპრიზი არ იქნება თუკი გეტყვით, რომ ამ ლოგიკას ყველა არ ეთანხმება. ასტროფიზიკოსმა და სამეცნიერო ფანტასტიკის ექსპერტმა, დევიდ ბრინმა Gizmodo-ს განუცხადა, რომ დიდად აზრიანი არაა წინ გადაუსწრო განვითარების ათასობით და მილიონობით წლებს მხოლოდ უფრო მეტად ენერგო-ეფექტიანი მომავლის იმედით.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ცივ სამყაროში შესაძლოა მეტს მიაღწიოთ კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში, რისთვისაც თბილი დროისათვის თავის არიდებას გადაწყვეტთ, მოგიწევთ გადაახტეთ ყველა იმ ტექნოლოგიას, რისი განვითარებაც ამ პერიოდში შეგეძლოთ".


მაგრამ სანდბერგის მტკიცებით, ბრინის მოსაზრება იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც გაქვს ნამცხვარი, რომელსაც ჭამ - თქვენ ის აღარ გექნებათ.


„წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საფულე, რომელშიც გარკვეული ოდენობის დოლარებია (ენერგია) და შობის შემდეგ ყიდულობთ ნამცხვრებს, რომელთა ფასიც თანდათან იკლებს.

 

თუ გსურთ იყიდოთ რაც შეიძლება ბევრი ნამცხვარი, თქვენი დოლარები მანამდე უნდა შეინახოთ, სანამ ნამცხვრების ფასი მინიმუმამდე დავარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლები ნამცხვრის ყიდვა მოგიწევთ", - უთხრა მან Gizmodo-ს.


კვლევის დოკუმენტი მალე Journal of the British Interplanetary Society-ში გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე ხელმისაწვდომია ბევსაიტ arXiv.org-ზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი